Close Description

ქალაქგეგმარებითი ანალიზის შედეგად საშუალება მოგვეცა უკეთ გაგვეაზრებინა საპროექტო ტერიტორიის კონტექსტი და მისი როლი თბილისის ურბანულ და სოციალურ-ეკომიკურ სტრუქტურაში. ისან-ავლაბრის, როგორც უბნის ისტორია, ადრე შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და მან, როგორც ქალაქის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებების გზაზე, მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა. ისტორიულ რუკებზე ნათლად ჩანს უბნის ქუჩათა ქსელის თუ განაშენიანების ცვლილება, მისი თვითდინებით განვითარებული ამორფული სტრუქტურიდან კარგად ჩამოყალიბებულ გამართულ და მეტ-ნაკლებად მყარ სტრუქტურამდე.
დღეის მდგომარეობით ერთის მხრივ საპროექტო ტერიტორიის სამხრეთით მდებარე ფერდობზე განაშენიანება ქაოტურია, და წარმოაჩენს მე-19 საუკინის ბოლოს , მე-20 საუკუნის დასაწყისში და ასევე 1990 წლების თვითნებურ ქაოტურ განაშენიაბას, მეორე მხრივ კი ჩრდილოეთით ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ შეინიშნება სტრუქტურულად გამართული, ‘‘საბჭოთა“ საცხოვრებელი ბლოკების მაგალითები. ქალაქის ზონების განსაზღვრის და საბაზრო ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, უმეტესწილად ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ, იწყებს ჩამოყალიბებას ისანის ერთგვარი ახალი სოციალურ-ეკონომიკური ცენტრი, რაც კარგად ჩანს საზოგადოებრივ –საქმიან ზონაში ახალი შერეული ტიპოლოგიის მაღლივი განაშენიანების და ახალი საქმიანი და საცხოვრებელი ცენტრის განვითარების მაგალითზე.
მხატვრულ-არქიტექტურული კვლევის შედეგად მივიღეთ ერთგვარი სკულპტურულ-არქიტიპული ობიექტი, სადაც მოცულობის დონეთა ცვლილებით მინიშნება კეთდება ტიპოლოგიურ სხვაობაზე და საპროექტო ტერიტორიის ფუნქციურ მახასიათებლებზე. შენობის კომპაქტური მოცულობა სამ ნაწილად იყოფა, იგი არ ეხება არსებულ გამწვანებას და საპროექტო ტერიტორიის მაქსიმალურად დიდ ფართობს რეკრეაციული დანიშნულებისთვის ინარჩუნებს. შენობის განივი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და ჩრდილო-დასავლეთისკენ არის ორიენტირებული, რაც მაქსიმალურად განათებული შიდა სივრცეების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

დანიშნულება: სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
წელი: 2017
მდებარეობა: ისანი, თბილისი, საქართველო
დამკვეთი: “იბის საქართველო”
საპროექტო ჯგუფი: თ.კუბლაშვილი, ბ.ნიკიფი, ზ.ხვიჩია
სტატუსი: არქიტექტურული კონკურსი